გლდანის ციხიდან კლინიკა "ვივამედში" პატიმარი დავით ფეიქრიშვილის გადაყვანას კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს. ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
ჩხაიძის თქმით, პატიმარი დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.
ცნობისთვის, ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალიც.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე [კაწრომ], შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიჭირეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.
16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.
ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა",- თქვა ადვოკატმა "ფორმულასთან".
მანამდე, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.
რაც შეეხება ფეიქრიშვილის დედის მოთხოვნას შვილის ნახვის თაობაზე, პენიტენციურში განმარტავდნენ, რომ დავით ფეიქრიშვილს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრების უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდული აქვს.
